English / ქართული / русский /
თეიმურაზ კანდელაკიცირა მიქატაძე
სწრაფმზარდი მაღალპროდუქტიული პლანტაციები - ეფექტიანი საშუალება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია იმ მცენარეების ეკონომიკურ-ეკოლოგიურ-სოციალური მახასიათებლები, რომლის პლანტაციების გაშენება ეფექტიანი საშუალება იქნება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის.

ეს განსაკუთრებული (ცნობილია პაულოვნიის, „ადამის ხე“, „კავკამი“ სახელწოდებით) სწრაფმზარდი მცენარე (12-15 მეტრი იზრდება 5 წელიწადში) დარგვიდან 6 წელიწადში შეიძლება მოიჭრას და სამრეწველო მიზნით იქნეს გამოყენებული; აქვს თვითაღდგენის უნარი, ნიადაგს იცავს ეროზიისგან, გამოირჩევა მაღალხარისხოვანი მერქნის ლამაზი სტრუქტურით (მისგან მიიღება სამშენებლო მასალა, ცელულოზა), წარმოადგენს ეფექტიან ნედლეულს მეფუტკრეობის და პირუტყვის საკვებად; ჰაერიდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შეიწოვს და გამოყოფს ჟანგბადს. პირველ მოჭრაზევე ფარავს მოვლის ხარჯებს. ამდენად, გარემოსდაცვით, ეკოლოგიური და ეკონომიკური სარგებლობის მომცემია.

საკვანძო სიტყვები: პაულოვნია, პლანტაცია, მაღალი ეკოლოგიურ-ეკონომიკურ-სოციალური მახასიათებლები.

* * *

ქვეყნები, რომლებიც აქტიურად ეხმაურებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ მწვანე ეკონომიკის ინიციატივას, ცდილობენ ტრადიციული ეკონომიკის მოვლენების იმ რისკების დაძლევას, რომლებიც საფრთხეებს უქმნის კაცობრიობის მდგრად განვითარებას. მსოფლიოს წუხილი გარემოს დაბინძურებასა და დეგრადაციაზე, გლობალურ დათბობაზე, რესურსების გამოლევის საშიშროებაზე მეტ ძალისხმევას გულისხმობს წყლის და ტყის რესურსების, ნიადაგების ნაყოფიერების გაუმჯობესების მიმართულებით, სუფთა ტრანსპორტის, ნარჩენების ეფექტიანად გადამუშავების განახლებადი ენერგიის, მწვანე პროდუქტების წარმოებით. ნებისმიერი საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგების მისაღებად.

ზემოთ აღნიშნული საკითხები საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, შესაბამისად მოითხოვს მთავრობის, მეცნიერების, საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც დღეს მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათი აქვს, თუმცა, კერძო კვლევებს აქტიურად ახორციელებენ მწვანეები, რიგი მეცნიერები და მთავრობასაც გააჩნია ცალკეული პროგრამები.
ჩვენ ყურადღების გამახვილება გვსურს მსოფლიოში ცნობილი და საქართველოს რამდენიმე რაიონში უკვე გაშენებულ პაულოვნიის (“ადამის ხე”) უნიკალურ თვისებებზე, რომელიც რეალურ ეკოლოგიურ-სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს იძლევა, რის გამოც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. იგი სწრაფმზარდი, ფართოფოთლოვანი დეკორატიული მცენარეა იაპონურ-ჩინური წარმოშობის და ცნობილია სხვადასხვა სახელით (საიმპერატორო ფირუზის პრინცესა, კავაკამი). ამ ჯადოსნურ ხეს, თავისი თვისებების წყალობით, შეუძლია ნიადაგის ეროზიის, გარემოს დაბინძურების, გაუდაბნოების შეკავება, მიკროკლიმატის გაუმჯობესება, ნიადაგის გაჯანსაღება, ტყის რესურსების გადარჩენა, სხვა მრავალმხრივი სარგებლიანობის მოტანა.
პაულოვნია მისი ბიოეკოლოგიური თავისებურებების მიხედვით:
• ძალზე სწრაფად იზრდება (12-15 მ სიმაღლე 5 წელიწადში, დარგვიდან 5-6 წელიწადში შეიძლება მისი მოჭრა და სამრეწველო მიზნით გამოყენება);
• აქვს თვითაღდგენის უნარი;
• ნიადაგს იცავს ეროზიისგან;
• გამოირჩევა მერქნის ლამაზი სტრუქტურით;
• წარმოადგენს ეფექტიან ნედლეულს მეფუტკრეობის და პირუტყვის საკვებად და ნიადაგის გასამდიდრებლად (პროტეინის, აზოტის და ნექტარის შემცველობის გამო).
პაულოვნიის ნიადაგდაცვით ეფექტიანობას განსაზღვრავს მძლავრ ფესვთა სისტემა. 7 წლის მცენარის ფესვთა სისტემა მიწის სიღრმეში 3 მ-მდე ჩადის, ხოლო ჰორიზონტალურად 10 მ-ზეა განშტოებული. ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, როგორც ველურ ბუნებაში, ასევე კულტურულ გარემოში.
პაულოვნიის მერქანი ძალზე მაღალხარისხოვანია, რაც განპირობებულია მისი ცეცხლის მიმართ მაღალი მდგრადობით, სწრაფი შრობადობით (რის გამოც ამცირებს შრობის ხარჯებს) არ დეფორმირდება და არ იხლიჩება, მდგრადია მერქნის დაავადებების მიმართ. მცირე მოცულობითი წონა აქვს. მისგან მიიღება ცელულოზა, სამშენებლო მასალა. მერქნის აღწერილი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მისი ავეჯის წარმოებაში (მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად) გამოყენების საშუალებას იძლევა, ხოლო ქიმიური შემადგენლობა (ცელულოზა, ენტანოზები, ლიგნინი, ბოჭკოს სიგრძე და სიგანე) განაპირობებს მისი მერქნის როგორც ქაღალდის წარმოების ნედლეულად გამოყენებას. დღეს მსოფლიოში მერქანზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც სწრაფმზარდი მცენარეების გაშენებას დიდ უპირატესობას ანიჭებენ.
ამ მცენარეს უნიკალურს ხდის ფოტოსინთეზის ეფექტიანობა, რომლის მიხედვით ათჯერ მეტ CO_2-ს შეიწოვს და გამოყოფს ჟანგბადს ვიდრე სხვა რომელიმე მცენარე, ამიტომ ნახშირბადის მტვერსასრუტსაც კი ადარებენ.
ჩინეთში პაულოვნიის პლანტაციების გაშენებამ შეაჩერა ნიადაგის ეროზია და გაზარდა ტყის პროდუქტიულობა. მისი, როგორც ენერგეტიკული წყაროს შემცვლელის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შვედეთმა (მიუხედავად მისი ტყეებისა) შეშის საწარმოებლად გააშენა პაულოვნიის პლანტაციები და სკანდინავიის ქვეყნებმა ეს რესურსი ამჯობინეს სხვა დანარჩენს. ამით დაიწყო ენერგეტიკული მეტყევეობის განვითარება.
იაპონია ყიდულობს პაულოვნიის ხის მასალის 90%-ს, ისრაელი პაულოვნიის ნერგის მწარმოებელიცაა და მისი მთავარი შემსყიდველიც ამ ხის მასალის ინდუსტრია, იაპონიისა და ჩინეთის გარდა, ჩრდილო ამერიკასა და ბრაზილიაში, ტაივანსა და კორეაშიც ვითარდება, ავსტრია იყენებს ფანქრის დასამზადებლად.
აღნიშნული თვისებების გამო მისი ფართობები მსოფლიოში დინამიურად იზრდება.
ჩვენს ქვეყანაში პაულოვნიის განაშენიანება და კერების ჩამოყალიბება უკავშირდება ლ. მლოკოსევიჩის სახელს, რომელმაც XIX ს. III ნახევარში ლაგოდეხის ნაკრძალში დეკორატიული დანიშნულებით შემოიტანა ეს მცენარე, ხოლო XX ს. 50-იან წლებში ბათუმის და ლაგოდეხის ბოტანიკურ ბაღებში იქნა, შემოტანილი, შემდეგ ვრცელდებოდა კერძო მეურნეობებში უმეტესად დასავლეთ საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთშიც სრულიად მისაღებია. ვითარდება თბილ პირობებში, თუმცა უძლებს -280C^ ყინვებს (გერმანელი სპეციალისტების მონაცემებზე დაყრდნობით).
პაულოვნიის განაშენიანებაში საეტაპო მნიშვნელობა ენიჭება საქარველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის პროექტებს. მცენარის ნიადაგდაცვითი თვისება გახდა საფუძველი ამ პროექტებისა, რომლებიც ითვალისწინებს პაულოვნიის გამოყენებას დასავლეთ საქართველოში ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ ინტერესიდან გამომდინარე მის შესწავლას და განაშენიანებას ხელი შეუწყო თეორიულმა კვლევებმა, რომლებიც ჩვენმა მეცნიერებმა განახორციელეს.
დღეს საქართველოში უკვე შესწავლილია პაულოვნიის სრულფასოვანი აკლიმატიზაციის და ინტროდუქციის შედეგები ბიოეკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით და იგი პერსპექტიულ კულტურად არის მიჩნეული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ტყის რესურსებს კლიმატმარეგულირებელი და ნიადაგდაცვითი დატვირთვა მეტად აქვთ, ვიდრე მერქნის მომცემი. ამიტომ ჩვენთვის პაულოვნია ამ მიმართულებითაც ძალზე საინტერესოა.
ქართველი მეცნიერების სიღრმისეული კვლევების შედეგად დადგენილია ამ კულტურის ზრდა-განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები როგორც ბუნებრივ გარემოში, ასევე პლანტაციის პირობებში; პაულოვნიის ჭრის წესები (ტექნოლოგიურ ჭრა-გავლილ ფართობებზე ბუნებრივი განახლების მდგრადი უზრუნველყოფის გათვალისწინებით), სრულყოფილი გახდა პაულოვნიის გაშენების და მოვლის აგროწესები და მთელი რიგი თეორიული და პრაქტიკული საკითხები მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით, განისაზღვრა პლანტაციური წესით პაულოვნიის გაშენების პერსპექტივები და მოსალოდნელი ეფექტიანობის მაჩვენებლები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა ხელი შეუწყო ფერმერთა დაინტერსებას და კერძო მეურნეობებში პაულოვნიის განაშენიანებას; შეიქმნა დაინტერსებულ ფერმერთა და სპეციალისტთა ორგანიზაციული ფორმაც _ ასოციაცია “პაულოვნია”, რაც ამ სექტორის დინამიური განვითარების მიმანიშნებელია.
ამ თეორიული და პრაქტიული საქმიანობის შედეგად ჩვენში გაჩნდა მაღალი წარმადობის პაულოვნიის პლანტაციები რომელიც ეფქტიანობით არ ჩამოუვარდება მისი სამშობლოს მონაცემებს და ცხადყოფს წარმატებულ აკლიმატიზაციას (ბიოლოგური მოთხოვნილების მიხედვით საქართველოში აკლიმატიზებულია პაულოვნიის შემდეგი სახეობები: Tomentosa, Elonagata, Catapropolas, ხოლო დასავლეთ საქართველოში – Fortune and Pergas).
პაულოვნიის პლანტაციის რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ მისი დანიშნულებიდან გამომდინარე:
1. სამრეწველო მერქნის მოპოვებაზე ორიენტირებული;
2. ენერგეტიკული _ (ორიენტირებული ბიომასაზე, როგორც სწრაფგანახლებად ენერგეტიკულ რესურსზე);
3. მრავალმხრივი დანიშნულებით ჴ მერქნის და სხვა ნედლეულის მომცემი და დაცვითი (პაულოვნიის პლანტაციები ანელებს რა ქარის სიჩქარეს, იცვს ნიადაგს გამოშრობისაგან და შედეგად ტენიანობის შენარჩუნებით ზრდის სიმინდის, ბოსტნეულის და ციტრუსების მოსავლიანობას).
4. ეკოპლანტაციები, რომლებსაც ნიადაგდაცვითი და კლიმატმარ-ეგულირებელი ფუნქცია აკისრია.
არსებობს გამოკვლევები პაულოვნიის მედეგობაზე ფიტოტოქსიკანტების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის პირობებში ესთეტიკურ-დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად კისრულეობს გარემოსდაცვით ეკოლოგურ ფუნქციას. სწორედ ამიტომ ამერიკაში შეტანილი და განაშენიანებული იქნა როგორც აირების მიმართ მედეგი კულტურა ქალაქების, საავტომობილო და რკინიგზის ხაზების გასწვრივ და შემდეგ გავრცელდა ტყის მასივებში.
პაულოვნია თაფლის მომცემი მცენარეცაა. გაზაფხულზე ყვავილობის გამო უმაღლესი ხარისხის თაფლის წარმოებაა შესაძლებელი როგორც ადგილობრივი მომხმარებლისათვის, ასევე, საექსპორტოდ.
პაულოვნიის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბრისას უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მერქნის პირველადი ჭრების დაწყებისას (მცენარის ზრდის მე-7 წელი) დაბალი წარმადობის პლანტაციებიდან მიღებული შემოსავლებიც კი მთლიანად ფარავს 7 წლის განმავლობაში განაშენიანების და მოვლის ხარჯებს, ხოლო მაღალი წარმადობის პლანტაციებში პირველი ჭრიდან მიღებული შემოსავლები 2-ჯერ აღემატება ხარჯებს. ამგვარად გამოირჩევა მცენარე მაღალი ეფექტიანობით და რენტაბელობით. ჭრის დაწესებას და მის შემობრუნებას უკავშირებენ ბაზრის კონიუნქტურას და ფერმერების სურვილებს.
პაულოვნიის პლანტაციებში მერქნის მასალის წარმადობა უკავშირდება განაშენიანების სქემას, მცენარეთა რიცხვს და ასაკს, ჩვენი მეცნიერების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში არსებული საშუალო მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე დადგენილია პაულოვნიის სამასალე მერქნის მასის დაგროვების დინამიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პაულოვნიის გაშენება მიზანშეწონილია ეროზირებულ და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის გამოუყენებელ ფართობზე. ქართველ მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად ეს ნიადაგები 6000 ჰა-ს შეადგენს და ამის საფუძველზე განსაზღვრულია მოსალოდნელი სარგებლის საპროგნოზო მონაცემები [გ. ქავთარაძის დისერტაცია, პაულოვნიის ბიოლოგიური თვისებები და ფერმერულ მეურნეობაში მისი გაშენების პერსპექტივები, თბილისი, 2010] 1 ჰა ფართობზე პლანტაციის საშუალო შემატების (44 მ3) მიხედვით I სრულ ჭრის პერიოდში (10წ) მერქნის მარაგი იქნება 6000×440=2.64 მლნ მ3 (საქართველოს მთელი ტყეების ყოველწლიური შემატების ნახევრის ტოლი). ამ მარაგის გამრავლებით მერქნის საშუალო ფასზე (500 ლ 1 ჭრის (10 წ.) შემოსავალი 2.64 მლნ მ3 X 500 ლ= 1.32 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან ჩანს რა სარგებელია მოსალოდნელი გარდა იმისა, რომ ქვეყნის ტყეების გადარჩენაა შესაძლებელი. სანიმუშო პლანტაციების მონაცემების საფუძველზე საქართველოს პირობებში დამუშავებულია პლანტაციის მოვლის დაბალი, საშუალო და მაღალი წარმადობის ვარიანტები. დამზადების დაშვებული წესების მიხედვით მაღალი წარმადობის პლანტაცია მაქსიმალურ ეკონომიკურ-ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა.
როგორც ჩანს, პაულოვნიის პლანტაციის განაშენიანებით შესაძლებელია მაღალი შედეგების მიღება:
ა) ეკოლოგიურის _ მიკროკლიმატის რეგულირება; ნიადაგის ეროზიის შეჩერება (რაც მიიღწევა პაულვონიის ფესვთა სისტემის საშუალებით 2-3 წელიწადში); ნიადაგის თვისებების გაუმჯობესება, ქარის სიჩქარის შენელება; ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-განვითარება; ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება; სითბოს მოყვარული და გვალვაამტან მცენარეთა ალტერნატიულ სახეობად გამოყენება (სამხრეთ რეგიონებში კლიმატის ცვლილების გამო ფიჭვის და კედარის ჩასანაცვლებლად მიიჩნევენ, რადგან ისინი ხმობას განიცდიან).
ბ) ეკონომიკურის _ მერქნის წარმოება სხვადასხვა დანიშნულებით; მცენარის ფოთლების დამატებითი მწვანე მასის მეცხოველეობაში საკვებად გამოყენება, მისი როგორც ენერგეტიკული წყაროს ალტერნატიული გამოყენება. სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის გაზრდა ახლომდებარე ტერიტიაზე. დაბანდებული კაპიტალის დროის მოკლე პერიოდში გამოსყიდვა.
გ) სოციალურის _ მოსახლეობის დასაქმება პლანტაციების გაშენებაში, მოვლასა და მერქნის პროდუქტის დამზადებასა და რეალიზაციაში, დეკორატიული სილამაზის გამო მიმზიდველი გარემოს შექმნა.
მეცნიერთა გათვლით, პაულოვნიას სარგებლიანობიდან ყველაზე მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა სხვადასხვა დანიშნულების მერქნის მიღება, შესაბამისად არსებული ბიზნესშესაძლებლობების გამოყენება და ამ შედეგების მიღება შესაძლებელია მინიმალური რისკის პირობებში. რისკების მინიმიზაცია პაულოვნიას გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკურ თავისებურებებიდან გამომდინარეობს, იგი ეკოლოგიურად სუფთა მცენარეა და არ იწვევს ალერგიებს, ამასთანავე ზღუდავს სხვადასხვა მავლებლების და დაავადებების გავრცელებას, დადგენილია, რომ იგი უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს ადგილობრივი ტყეების ეკოსისტემაზე. ტენიანობის შენარჩუნებით ხანძრის საშიშროებას ამცირებს გვალვის პერიოდში; მიმდინარეობს შესწავლა მცენარის ინვაზიურობაზე დაცული ტერიტორიების მიმართ.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამ პლანტაციის გავრცელების საუკეთესო პირობებია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ეს კულტურა მწვანე გამოწვევებს უდავოდ პასუხობს და შეიძლება მივიჩნოთ მწვანე ეკოსისტემის ელემენტად, რომელიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას. ამისთვის კი საჭიროა მისი განაშენიანების სრულოფა და ხელშეწყობა, მოსახლეობის დაინტერესების გაზრდა, სტიმულები, მრავალი მხარის ჩართულობა და გააქტიურება.

გამოყენებული ლიტერატურა

კანდელაკი გ., საქართველოში პაულოვნიის პლანტაციების გაშენების ეფექტიანობა, ჟურნ. “აგროინფო”, N1 თბ., 2008.
კანდელაკი თ., კობახიძე ნ., ქავთარაძე მ., პაულოვნიის დეკორატიულ მებაღოებაში გამოყენების მიზანშეწონილობა, სამეცნიერო ჟურნ. “მოამბე”, N27 გვ. 16-29 თბ., 2010.
კანდელაკი თ., ფერმერულ მეურნეობაში პაულოვნიის პლანტაციების გაშენების რეკომენდაციები სსაუ გამოცემა (ბროშურა) თბ., 2005.
კანდელაკი თ., როგორ უნდა დავრგოთ ხე, რომელიც გამდიდრების რეალურ შანსს იძლევა, გაზეთი “თბილისელები”, N 5, თბ., 2007.
შ. ქავთარაძის დისერტაცია, “პაულოვნიის ბიოლოგიური თვისებები და ფერმერულ მეურნეობაში მისი გაშენების პერსპექტივები”. თბ., 2010.
ჟღენტი მ., “პაულოვნია ძვირფას საშენ მასალას იძლევა”. ჟურნ. “ჩემი მამული”, N2, თბ., 2009.
პაულოვნია გლობალური დათბობის წინააღმდეგ, ჟურნ. “აგრონიუს”, 20.14.2019.
Кучеров А.В., Шибилев О. В. (Молодой ученнык N4, 2014), Концефция зеленой
экономики: основные положения и перспективы развития.
Краичович Р. Руководитель группы экспертов проэкта “Green economy Belerus”
что такое “зеленая экономика”?
mwvane ekonomika. internetgazeTi veb gverdi: mast st.acelebeli.ge 29.03.2019.
gaerTianebuli erebis organizaciis gaeros programa..…
http://www.unep.org/pdf/Green economy-Successtovies pdf.